Joomla Templates and Joomla Extensions by JoomlaVision.Com

„დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა“
შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“
დირექტორის მიერ 2021 წლის ---------------
# --- ბრძანებით

 

შპს „კავკასიის ბიზნესის სკოლის“

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
(ახალი რედაქციით) 

 

 

ქ. ბათუმი, 2021 წლის სექტემბერი

 

სარჩევი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები ---------------------------------------------------------------------------- 3

მუხლი 2. სამუშაოზე მიღება -----------------------------------------------------------------------------   4

მუხლი 3. თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი -----------------------------------------------------   5

მუხლი 4. თანამშრომელთა მუშაობის დრო და პირობა --------------------------------------------------- - 6

მუხლი 5. თანამშრომელთა ჩაცმულობის წესი --------------------------------------------------------------- 6

მუხლი 6. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა, ფორმა და წესი ----------------------------- 6

მუხლი 7. სკოლის დირექტორის უფლება - მოვალეობანი -------------------------------------------------- 7

მუხლი 8. სასწავლო წლისა და არდადეგების ხანძლივობა და განრიგი ---------------------------------- 7

მუხლი 9. სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები- 8

მუხლი 10. ზეგანაკვეთური სამუშაო --------------------------------------------------------------------------- 9

მუხლი 11. მივლინება ------------------------------------------------------------------------------------------- - 9

მუხლი 12. შვებულება ------------------------------------------------------------------------------------------- 9

მუხლი 13. შრომის პირობების დაცვა ------------------------------------------------------------------------- 10

მუხლი 14. შრომის დისციპლინა და კონფიდენციალობის დაცვა ---------------------------------------- 10

მუხლი 15. შრომითი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა ------------------------------------------- 11

მუხლი 16. შრომითი დავა -------------------------------------------------------------------------------------- 12

მუხლი 17. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანის, მობილობისა და სტატუსის შეჩერების პირობები ------------------------------------------------------------------------------- 13

მუხლი 18. მოსწავლეთა უფლებები, ვალდებულებები და ქცევის წესები ------------------------------ 13

მუხლი 19. მოსწავლის წახალისება წარმატებისთვის ------------------------------------------------------ 15

მუხლი 20. მოსწავლეთა დისციპლინარული საქმის წარმოება ------------------------------------------- 15

მუხლი 21მოსწავლის პირადი გასინჯვა -------------------------------------------------------------------- 16

მუხლი 22. მოსწავლის მიერ გაცდენა - დაგვიანება ------------------------------------------------------- 17

მუხლი 23. მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) და სკოლის ვალდებულებები ---------------- 17

მუხლი 24. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) საჩივრის განხილვის წესი ---------------------- 18

მუხლი 25შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა ------------------------------------------------------------ 18

 

 

 

 

შპს ”კავკასიის ბიზნესის სკოლის”
შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”კავკასიის ბიზნესის სკოლა” (შემდგომში სკოლა) შეიქმნა და დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, 2010 წლის 9 მარტს.

1.2.    სკოლა, სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, ადგენს შინაგანაწესსა და დებულებას რომელთა დაცვაც და შესრულებაც სავალდებულოა სკოლის ყველა მოსწავლის, პედაგოგისა და თანამშრომლისათვის. როგორც შრომითი ისე სასწავლო დისციპლინა სკოლაში ეფუძნება მოსწავლეთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა საკუთარი მოვალეობების შეგნებულ და კეთილსინდისიერ შესრულებას. შინაგანაწესის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სკოლასთან თანამშრომლობენ არა შრომითი, არამედ სხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.

1.3.    1.3. შინაგანაწესი შედგენილია ’’საქართველოს კონსტიტუციის’’, ’’საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ’’, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების”, ’’საქართველოს შრომითი კოდექსის’’, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’, შპს ”კავკასიის ბიზნესის სკოლის” წესდების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ბავშთა უფლებების დეკლარაციისა და სხვა მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება გადახედვას და ცვლილებების შეტანას.

1.4.    შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო კვირის ხანგძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;

ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;

გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;

ე) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;

ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ზ) შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება;

თ) წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ი) მოსწავლეების მიმართ დისციპლინური წარმოების თავისებურებანი;

კ) მატერიალური პასუხისმგებლობა;

ლ) მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გაყვანის პირობები;

მ) მოსწავლის ჩაცმულობის წესი;
ნ) შრომის პირობების დაცვის წესები;

ო) უსაფრთხო სწავლისა და სწავლების პირობები;

პ) განცხადების/საჩივრის განხილვა;

რ) დასკვნითი დებულებები.

1.5.    შპს ”კავკასიის ბიზნესის სკოლის’’ მისიაა საგანმანათლებლო მომსახურების ბაზარზე ხარისხიანი, მრავალსაფეხურიანი განათლების მიწოდება; ცივილიზებული სამყაროს ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვა, გამრავლება და გავრცელება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; ეროვნულ-კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; მეწარმის, როგორც ქვეყნის მარჩენალის, იმიჯის დამკვიდრება; საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; გარემოს დაცვით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა.

1.6.    შპს ”კავკასიის ბიზნესის სკოლის მიზანია კონკურენტუნარიანი, აქტიური, კრეატიული აზროვნებისა და პიროვნული ღირსებების მქონე მაღალი ეროვნული თვითშეგნების მუხტის მატარებელი თაობის აღზრდა, მათში სამეწარმეო უნარჩვევების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური დოვლათის შექმნა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ზოგადად ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

თავი I
შრომის შინაგანაწესი

მუხლი 2. სამუშაოზე მიღება

2.1. აქაც და შემდგომ მუხლებში შრომითი ურთიერთობის ქვეშ იგულისხმება შრომითი საქმიანობის ორგანიზებული მოწესრიგების პირობები, დასაქმებულის მიერ დამსაქმებელისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2.2. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია დამსაქმებელისგან დასაქმებულის მიმართ. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას.

2.3. სამუშაოზე მიღებისას პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა. პირადი განცხადება;
ბ. CV
;
გ. ფერადი სურათი 3X4 (2 ცალი);
დ. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ე. განათლების დამადასტურებელი საბუთების ასლები;
ვ. გავლილი ტრენინგების სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
ზ. სხვა დოკუმენტები სურვილისამებრ (ჯილდოები, რეკომენდაციები და სხვა);
. ცნობა ნასამართლეობისა და სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ.

2.4. სამუშაოზე მიღებულ პირთან სკოლის დირექტორი წერილობით დებს შრომით ხელშეკრულებას განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. შრომითი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებს გამოსაცდელ პერიოდს სამთვიანი ვადით მხოლოდ ერთხელ. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

2.5. შრომითი ხელშეკრულების მოშლა შესაძლებელია ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მხოლოდ წერილობითი ფორმით.

2.6.  თუ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დამსაქმებელი წერილობითი ფორმით 60 კალენდარული დღით ადრე.

2.7. თუ თანამშრომელთან გაფორმებულია რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებენ და არსებითად არ ცვლიან ერთმანეთს, ყველა ასეთი ხელშეკრულება ითვლება ერთ შრომით ხელშკრულებად.

2.8. თანამშრომელს, დასაქმების დროს, დირექტორი აცნობს შრომის პირობებს, თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოთხოვნებს, აკადემიურ და სასწავლო პერსონალს, სასწავლო გეგმებსა და ძირითად სასკოლო დოკუმენტებს. ამასთან, სკოლის ადმინისტრაცია უტარებს ინსტრუქტაჟს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების საკითხებისა და ბავშთა ჯამრთელობის დაცვის შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ყველა თანამშრომლისათვის წელიწადში ორჯერ მაინც.

2.9. კვალიფიციური მუშახელის ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე სკოლის დირექცია უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე იმ პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

2.10. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სახელშეკრულებლო პირობებით, მიიღოს პედაგოგობის მაძიებელი სტაჟირებაზე.

2.11. შრომითი და სამართლებრივი ურთიერთობების დაწყების თარიღად ითვლება სკოლის დირექტორის ბრძანების ხელმოწერის თარიღი.

მუხლი 3. თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი

3.1. თანამშრომელი უფლებამოსილია:

ა. ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ;
ბ. პირადი ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;
გ. კანონდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს.
დ. ისარგებლოს სწავლებისა და კვლევების აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;

3.2. თანამშრომელი ვალდებულია:

ა. ზუსტად შეასრულოს შპს ”კავკასიის ბიზნესის სკოლის” შინაგანაწესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ. დაიცვას შრომის დისციპლინა, დროულად გამოცხადდეს სამუშო ადგილზე.
გ. დაიცვას შრომის ჰიგიენა და სანიტარული ნორმები, სკოლის შენობით სარგებლობისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლის მექანიზმებია:
- დაცვის თანმშრომელი, სამეთვალყურეო კამერები ეზოსა და ყველა სართულზე;
- თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
- ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.
დ. რაციონალურად გამოიყენოს სასკოლო საგანმანათლებლო რესურსი და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას;
ე. სამსახურისა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოიქცეს ღირსეულად, დაიცვას კოლექტივში ქცევის ეთიკური ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი სკოლის კოლექტივის წევრებთან და მშობლებთან ურთიერთობისას;
ვ. იზრუნოს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე და მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
ზ. შექმნას უსაფრთხო გარემო, არ დაუშვას ფიზიკური ან მორალური ძალადობის გამოყენება მოსწავლეთა მიმართ, პატივი სცეს და დაიცვას მოსწავლეთა ღირსებები. ყველა სადავო საკითხი მოსწავლეებთან გადაჭრას თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გზით.
თ. უზრუნველყოს კვალიფიციური სწავლება და სასწავლო შედეგების მინიტორინგი;
ი. მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასების უზრუნველსაყოფად;
კ. არ განიხილოს მოსწავლის პირადი საკითხები საჯაროდ;
ლ. მიიღოს შესაბამისი ზომები, მოსწავლეთა მხრიდან, სკოლის მატერიალური ქონების დაზიანებისა და განადგურების შემთხვევაში;
მ. მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შემდგომი გაუმჯობესების პროცესში;
ნ. დაიცვას პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლებთან;
ო. უწყვეტად სრულყოს პროფესიული კვალიფიკაციის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა;
პ. არ დაუშვას დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით;
ჟ. დროულად შეავსოს დადგენილი დოკუმენტაცია.

მუხლი 4. თანამშრომელთა მუშაობის დრო და პირობა

4.1. სკოლის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი მუშაობენ ხუთდღიანი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) რეჟიმით.

4.2. სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც თანამშრომელი ასრულებს სამუშაოს, იწყება კლასის მზრუნველისთვის, პერსონალისთვის და დირექციისთვის პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

4.3. პედაგოგებისთვის სამუშაო დრო იწყება ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე;

4.4. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;

4.5. პედაგოგებისათვის საათების განაწილება უნდა მოხდეს კათედრების წარდგინებით რომელსაც შემდგომში დაამტკიცებს სკოლის დირექტორი.

მუხლი 5. თანამშრომელთა ჩაცმულობის წესი

5.2. სკოლაში თანამშრომელი უნდა იმოსებოდეს სადად და ელეგანტურად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა;

5.3. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

მუხლი 6. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა, ფორმა და წესი

6.1. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

6.2. შესრულებული სამუშაოს საზღაური გაიცემა ყოველი მომდევნო თვის პირველ კვირაში დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;

6.3. ხელფასის სიდიდე მკაცრად კონფიდენციალური ინფორმაციაა და მის შესახებ მსჯელობა შეიძლება მხოლოდ სკოლის დირექტორთან;

6.4. ხელფასის დონეს განსაზღვრავს სამუშაოს ხარისხი, თანამშრომლის კვალიფიკაცია და გამოცდილება. ხელფასის გადასინჯვის მიზეზი შეიძლება იყოს ან მისი პასუხისგებლობის ცვლილება, ან წინსვლა. ხელფასის წლიური გადასინჯვა ეყრდნობა ინდივიდუალური მუშაობის შეფასებას და სკოლის ბიუჯეტის შედეგებს წლის განმავლობაში.

6.5. სკოლის დირექტორს შეუძლია დაადგინოს წახალისების ფორმები გარკვეული პერიოდის მუშაობის მონაცემების მიხედვით.

6.6. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან:

ა. სკოლის დირექტორს უფლება აქვს დადგენილი ნორმების ფარგლებში დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდiნარე თანამშრომლისათვის სკოლას გადახდილი აქვს;
ბ. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, რომელიც არ გამომდინარეობს დასაქმებულის სურვილიდან, სკოლის დირექტორი ვალდებულია, განთავისუფლებული თანამშრომლებისათვის მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

6.7. გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში ძირითად პედაგოგს ეს საათი არ აუნაზღაურდება. აუნაზღაურდება იმ კოლეგა - პედაგოგს (შესაბამისი საგნის მასწავლებელს) მისი სახელფასო ნიხრით, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი პედაგოგი.

მუხლი 7. სკოლის დირექტორის უფლება - მოვალეობანი

7.1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

ა. მოითხოვოს თანამშრომლისაგან მისი სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
ბ. კონტროლი გაუწიოს თანამშრომლის მიერ სამუშაოსა და წინამდებარე შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებას;
გ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები;
დ. წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ
გამოიყენოს სხვადასხვა სახის წამახალისებელი ღონისძიებები;
ე. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიყვანოს თანამშრომელი დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში თანამშრომელს უნარჩუნდება ძირითადი სამუშაო ადგილი. ხელფასი აუნაზღაურდება შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არანაკლებ წინანდელი სამუშაო ხელფასისა;
ვ. ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

7.2. სკოლის დირექტორი ვალდებულია:

ა. თანამშრომელს, მისი საქმიანობის შესასრულებლად, შეუქმნას შრომისათვის აუცილებელი პირობები;
ბ. დროულად გადაუხადოს მუშაკს განსაზღვრული საზღაური;
გ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოს მასწავლებელთან და სკოლის სხვა თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების დადება და შესრულება.

მუხლი 8. სასწავლო წლისა და არდადეგების ხანძლივობა და განრიგი

8.1. სასწავლო წლის ხანგრძლივობას, განრიგს და ვადებს ადგენს საქათველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სკოლა იტოვებს უფლებას, გონივრულ ვადებში, შეცვალოს სწავლების ხანგძლივობა და განრიგი კანონით დადგენილი კვირეების მინიმალური რაოდენობის დაცვით.

8.2. სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს.

8.3. ყოველი კვირეული სასწავლო პროცესი ხუთდღიანია. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია სასწავლო პროცესის მეექვსე დღეს გადატანა;

8.4. სკოლაში სწავლა დაიწყება 9 საათზე და გრძელდება 17:00-მდე. გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთი, დიდი შესვენება 10 წუთი. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე დასაშვებია სწავლების ხანგძლივობის კორექტირება. თვით გაკვეთილის ხანგრძლივობა (გარდა პირველი და მეორე კლასისა) განისაზღვრება 45 წუთით, პირველი კლასისთვის გაკვეთილების ხანგრძლივობა 35 წუთია, მეორე კლასისათვის - 40 წუთი. გაკვეთილებს შორის შესვენება განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით, გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.), როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.

8.5. მოსწავლეები სკოლაში ყოფნისას უზრუნველყოფილნი არიან ერთჯერადი კვებით, წინასწარ დადგენილი და შეთანხმებული მენიუს მიხედვით;

8.6. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ:

ა. სკოლის დირექციის მიერ შემუშავებული მოთხოვნების საფუძველზე, მზრუნველების დახმარებით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები ემზადებიან მომდევნო დღის საგაკვეთილო პროცესისათვის (ამზადებენ საშინაო დავალებებს, პრეზენტაციებს და ა.შ.);

ბ. საშუალო საფეხურის მოსწავლეები, აგრძელებენ დამატებით მეცადინეობას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად;

გ. სკოლის მასწავლებელი, მიუხედავად თავისი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.

8.7. დაუშვებელია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა სკოლის შენობაში შესვლა დირექციასთან შეთანხმების გარეშე. მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიღების დღეებია ყოველი პარასკევი, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე (გარდა წინასწარ დაბარებული მშობლებისა). სხვა დღეებში მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილება როგორც სკოლის შენობაში, ისე სკოლის ტერიტორიაზე სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. ნებისმიერ საკითხზე დირექციასთან ვიზიტი დასაშვებია ყოველ დღე, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ზემოთ ჩამოყალიბებული მოთხოვნები არ ვრცელდება სსსმ მოსწავლეების მშობლებზე, რომლებიც სკოლის შენობაში დაიშვებიან სასწავლო პროცესის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

მუხლი 9. სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის კონტროლის წესი და განხორციელების ფორმები.

9.1. სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სკოლის დირექტორის წინაშე, პასუხისმგებელნი არიან სკოლის დირექტორის მოადგილეები (კოორდინატორები სასწავლო და აღმზრდელობით დარგში) და სასწავლო პროცესის მონიტორინგის მენეჯერი;

9.2. სწავლების ხარისხის შემოწმება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით ( პრეზენტაცია, პროექტი, ტესტი და ა.შ) გაკვეთილზე დასწრებით, ღია გაკვეთილების ორგანიზებით, თითოეული პედაგოგის გაკვეთილებისათვის მზადების პერიოდული შემოწმებით.

9.3. სწავლების ხარისხის მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის მენეჯერი, რომელიც სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს;

9.4. ამასთან, სასწავლო პროცესის მონიტორინგის მენეჯერი ზედამხედველობას უწევს კათედრების მუშაობას და თავის შეხედულებებს ანგარიშთან ერთად აწვდის დირექტორს;

მუხლი 10. ზეგანაკვეთური სამუშაო

10.1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგძლივობა აღემატება მხარეთა შეთანხმებული შრომითი პირობებით განსაზღვრულ სამუშაო დროს.

10.2. უქმე დღეებად ითვლება ,,საქართველოს შრომითი კოდექსით’” დადგენილი უქმე დღეები. უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთახმებით.

10.3. დაუშვებელია ორსული ან ახლადმშობიარე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

მუხლი 11. მივლინება

11.1. მივლინება არის სკოლის დირექტორის მიერ თანამშრომლის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.

11.2. სკოლის დირექტორის მიერ თანამშრომლის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების პირობის შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება 45 კალენდარულ დღეს.

11.3. სკოლის დირექტორი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომელს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები კანონდებლობით დადგენილ ფარგლებში.

მუხლი 12. შვებულება

12.1. შვებულების ხანგრძლიობა:

   ა. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღისა;
ბ. თანამშრომელს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

12.2. შვებულების მიცემის წესი:

ა. თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება მიეცეს შვებულება სამუშაო წლის ნებისმიერ დროს სკოლის ინტერესების გათვალისწინებით;
ბ. შვებულების გაცემა და გადატანა ხორციელდება პირადი განცხადების საფუძველზე სკოლის დირექტორის ბრძანებით;
გ. მუშაობის მეორე წლიდან მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ყოველწლიური შვებულების ნაწილ- ნაწილ გამოყენება;
დ. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს წლის განმავლობაში თანამშრომლებისთვის ანაზღაურებადი შვებულების მიცემის რიგითობა;

12.3. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას თანამშრომელი ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს სკოლის დირექტორი შვებულების აღების შესახებ.

12.4. თუ თანამშრომლისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სკოლის სასწავლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობაზე, თანამშრომლის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

12.5. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.

12.6. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებიანამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ იგი ყოველთვიურ ფიქსირებულ შრომის ანაზღაურებას იღებსბოლო თვის შრომის ანაზღაურების მიხედვით. (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 36)

12.7. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

12.8. თანამშრომლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პირობები განისაზღვრება 365 დღით ბავშვის დაბადებიდან. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე. თანამშრომელს თავისსავე თხოვნით უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ წელიწადში არაუმცირეს ორი კვირისა, ეძლევა უხელფასო შვებულება 12 კვირის ოდენობით ბავშვის მოვლის გამო, ვიდრე ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.

12.9. შესაძლებელია სკოლის დირექტორის მიერ თანამშრომლის გამოძახება კუთვნილი შვებულებიდან, თუ ეს დასაბუთებულია მნიშვნელოვანი გარემოებებით. ამ შემთხვევაში მას შვებულების დარჩენილი დღეები გადაუვადდება.

მუხლი 13. შრომის პირობების დაცვა

13.1. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს თანამშრომლებს სიცოცხლისა და ჯამრთლობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.

13.2. სკოლის დირექტორი ვალდებულია მიაწოდოს თანამშრომელს მის ხელთ არსებული სრული ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზე.

მუხლი 14. შრომის დისციპლინა და კონფიდენციალობის დაცვა

14.1. მუშაობაში მოპოვებილი წარმატებისათვის სკოლის დირექტორმა შეიძლება გამოიყენოს თანამშრომლის წახალისების შემდეგი სახეები:

ა. მადლობის გამოცხადება;
ბ. საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ. ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
ე. თანამდებობრივი სარგოს გაზრდა.

14.2. შრომის დისციპლინის დარღვევისათვის დირექტორი იყენებს შემდეგ სასჯელებს:

ა. შენიშვნა;
ბ. წერილობითი გაფრთხილება;
გ. საყვედური;
დ. სასტიკი საყვედური;
ე. ათ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ვ. სამსახურიდან დათხოვნა.

14.3. დისციპლინური სასჯელის დადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები.

14.4. წახალისება და დისციპლინური სასჯელი გამოიყენება სკოლის დირექტორის მიერ.

14.5. დასჯა და წახალისება ცხადდება ბრძანებით. თანამშრომელს სასჯელის დადებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა -განმარtება.

14.6. დისციპლინური სასჯელი პირს შეუფარდდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

14.7. დისციპლინური სასჯელი თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის შეფარდების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სასჯელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სასჯელის მოხსნა ხდება წახალისების სახით პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორის მიერ.

14.8. სკოლაში მიღებული ყველა ინფორმაცია დაკავშირებული ფინანსურ მდგომარეობაზე, შემოსავალზე, ანაზღაურებაზე, სწავლების მეთოდებზე, სასწავლო პროგრამებზე, უსაფრთხოების სისტემაზე კონფიდენციალურია და თანამშრომელი თანახმა უნდა იყოს შემდეგზე:

ა. დაიცვას კონფიდენციალურობა დასაბუთებული და ადექვატური საშუალებებით ან პროფესიული ნორმების შესაბამისად;
ბ. კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესასრულებლად;
გ. მოახდინოს კონფიდენციალური ინფორმაციის რეპროდუცირება მხოლოდ სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესასრულებლად.

14.9. მუხლში 14.8 მოყვანილი მოთხოვნები არ ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც არის:

ა. საზოგადოებისთვის საყოველთაოდ ცნობილი;
ბ. ცნობილია თანამშრომლისათვის ან ცნობილი გახდა არაკონფიდენციალურ საფუძველზე სხვა წყაროდან;
გ. იხსნება არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე.

14.10. მუხლი 14.8 მოყვანილი მოთხოვნები ძალაში რჩება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის (გაუქმების) შემდეგაც.

მუხლი 15. შრომითი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

15.1. შრომითი ურთიერთობების შეჩერება არის შრომითი ურთიერთობის საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოს დროებითი შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულზე არ გაიცემა ანაზღაურება. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად მიღებულია კანონით გათვალისწინებული ნორმები ( საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 36, პუნქტი 2).

15.2. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველია:

ა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სამსახურეობრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
ბ. დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, ყოველივე რაც ლახავს სკოლის რეპუტაციას და აზიანებს მის იმიჯს;
გ. ხელშეკრულების ვადის გასვლა;
დ. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
ე. შრომითი ხელშეკრულების მოშლა;
ვ. მხარეთა შეთანხმება;
ზ. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
თ. ხანგძლივი შრომის უუნარობა, თუ შრომის უუნარობის
საერთო ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს ან ექვსი თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს, ამასთანავე თანამშრომელს გამოყენებული აქვს კუთვნილი შვებულება;
ი. თანამშრომლის გარდაცვალება;
კ. სკოლის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.

15.3. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით ამ მუხლით დადგენილი წესით:

ა. თუ შრომითი ურთიერთობის დარღვევის ინიციატორი თანამშრომელია, იგი ვალდებულია გააფთხილოს სკოლის დირექტორი არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით;
ბ. სკოლის დირექტორის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა ერთი თვის ანაზღაურება;
გ. ერთერთი მხარის მიერ შრომითი ურთიერთობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევებზე არ ვცელდება ამ მუხლის „ა“ და ’’ბ“ პუნქტის მოთხოვნები;

15.4. თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლება ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

15.5. მუშაობის ავტომატური გაგძელებაა შემთხვევა, როცა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის ვადა დასრულდა, მაგრამ მუშაობის ხასიათიდან გამომდინარე მუშაობის დაუყონებლივ შეწყვეტა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან შეუქმნის საფრთხეს სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, თანამშრომელი ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა ვიდრე ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო სკოლის დირექტორი ვალდებულია გადაუხადოს მას გაწეული შრომის საზღაური.

მუხლი 16. შრომითი დავა

16.1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ურთიერთობის მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

16.2. დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს დავა.

16.3. ნებისმიერი დავა წყდება ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

 

 

თავი II
სასწავლო შინაგანაწესი

მუხლი 17. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანის, მობილობისა და სტატუსის შეჩერების პირობები

17.1. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც მიმდინარე წელს შეუსრულდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სასკოლო ასაკი, იქნება ეს საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე;

17.2. კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე; განცხადებასთან ერთად მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს:

   ა. დაბადების მოწმობის დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
   ბ. სამედიცინო ცნობა ფორმა - N26;
   გ. მშობელების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები;
დ. ორი ფერადი ფოტოსურათი, 3X4;
ე. სწავლის ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

17.3. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

     ა. მოსწავლის პირადი საქმე;
   . სამედიცინო ცნობა ფორმაN#26;
   . მიმდინარე შეფასება;
   დ. ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ;
     ე. სწავლის ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

17.4. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც ინახება:

         ა. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ. დაბადების მოწმობის დედანი;
გ. სამედიცინო ცნობა ფორმა-N26;
დ. მშობელთა (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი;
            
ე. მოსწავლეზე აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების (I-V კლასის
პირველი სემესტრის ჩათვლით) შედეგები;
ვ. მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) გაფორმებული ხელშეკრულება.

17.5. მოსწავლის ჩარიცხვაზე მშობელს შეიძლება უარი ეთქვას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი შევსებულია;

17.6. ადმინისტრაცია ვალდებულია სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;

17.7. სკოლაში მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხორციელდება დირექტორის ბრძანებით კლასის მზრუნველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, არაუგვიანეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

მუხლი 18. მოსწავლეთა უფლებები, ვალდებულებები და ქცევის წესები

18.1. მოსწავლე უფლებამოსილია:

ა. მოითხოვოს ხელშეკრულებითა და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობები;
ბ. სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მისთვის ხელმისაწვდომი იყოს სკოლის ყველა ღონისძიება;
გ. შეუზღუდავად გამოთქვას საკუთარი აზრები, შეხედულებები და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
დ. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცყობისაგან;
ე. ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ;
ვ. მოითხოვოს და მიიღოს სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწვეტისას მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა;
ზ. თავისი უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და  სხვა არამართლზომიერი ქმედებები.

18.2. ყველა მოსწავლე ვალდებულია დაემორჩილოს სკოლაში არსებულ ქცევის წესებს.

18.3. მოსწავლეთა ქცევის წესები განისაზღვრება წინამდებარე შინაგანაწესით, საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით.

18.4. მოსწავლე ვალდებულია გაეცნოს სკოლის შინაგანაწესს, დაიცვას იგი და ხელი შეუწყოს სკოლაში მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

18.5. მოსწავლემ უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

   ა. სისტემატიურად უნდა დაესწროს გაკვეთილებსა და სკოლის მიერ დაგეგმილ მიზნობრივ ღონისძიებებს. იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი. სკოლაში უნდა გამოცხადდეს ზომიერად კლასიკური ჩაცმის სტილით შემოსილი;
ბ. არ შეიძლება გაკვეთილის პროცესში სკოლის ტერიტორიის დატოვება გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს სკოლის დირექციას;
გ. გაკვეთილების თვითნებურად მიტოვება განიხილება, როგორც მოსწავლის ქცევის კოდექსის უხეში დარღვევა და ითვალისწინებს მკაცრ დისციპლინურ სასჯელს;
დ. დაუშვებელია მოსწავლის მიერ სხვა მოსწავლეთა მიმართ უხეში მოპყრობა, სასკოლო ინვენტარის ან სკოლის ქონების შეგნებულად დაზიანება-გაფუჭება. ამ შემთხვევაში ზარალს აანაზღაურებს მოსწავლის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი);
ე. დაუშვებელია არასასწავლო დანიშნულების ან ისეთი საგნების სკოლაში შემოტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სხვა მოსწავლეების ჯამრთელობას ან მათი გამოყენებით შეიძლება მოხდეს სასწავლო პროცესის ჩაშლა ან შეფერხება;

ვ. დაუშვებელია მოსწავლის მიერ თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება. ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის, გამოყენებისა და გავრცელებისათვის მოსწავლის საქმე გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს;
ზ. მოსწავლე ვალდებულია, გაუფრთხილდეს და დააბრუნოს ყველა ის ნივთი, რომელსაც მას სკოლა დროებითი სარგებლობისათვის გადაცემს;
თ. ნივთის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში მოსწავლე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. მოსწავლის ვინაობის გაურკვევლობის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურeბა ეკისრება კლასს;
ი. მოსწავლე ვალდებულია სასწავლო წლის დასასრულს სკოლას დაუბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი ყველა წიგნი.
კ. მობილური ტელეფონის (აიფონის, აიპადის, აიპოდის და ა.შ. ყურთსასმენით ან მის გარეშე) სარგებლობა აკრძალულია სკოლის მთელ ტერიტორიაზე სრული სასწავლო წლის განმავლობაში;
ლ. მობილური ტელეფონი უნდა ინახებოდეს ჩანთაში გამორთულ მდგომარეობაში. სკოლის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა შესაძლებელია, აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ დირექციის წარმომადგენლის ან მზრუნველის ნებართვით; მოცემული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მობილური ტელეფონი ჩამოერთმევა მოსწავლეს და დაუბრუნდება მშობელს. განმეორების შემთხვევაში მობილური ტელეფონი ჩამოერთმევა მოსწავლეს ერთი თვით და შეეფარდება დისციპლინური სასჯელი;

მ. არ შეიძლება მოსწავლეს სკოლაში ჰქონდეს ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
ნ. დაუშვებელია მოსწავლეს თან ჰქონდეს აზარტული თამაშისთვის საჭირო საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, სანთებელა ან ასანთი.

18.6. მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის, სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დარღვევისა და სკოლის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შინაგანაწესი ითვალისწინებს გარკვეულ დისციპლინურ ზომებს:

ა. შენიშვნა;
ბ. გაფრთხილება;
გ. საყვედური;
დ. სასტიკი საყვედური;
ე. გაკვეთილიდან გაძევება;
ვ. სკოლიდან დროებით დათხოვნა;
ზ. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
თ. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

მუხლი 19. მოსწავლის წახალისება წარმატებისთვის

19.1. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვისეროვნულ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის, სწავლაში მიღებული მაღალი შედეგებისათვის და სანიმუშო ყოფაქცევისათვის  სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა. სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ. საპატიო სიგელითა და დიპლომით დაჯილდოება (რომლის ფორმასაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით);
გ. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;

19.2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნას წახალისების რამოდენიმე ფორმა.

19.3 .მოსწავლის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი.

20.4. წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

მუხლი 20. მოსწავლეთა დისციპლინარული საქმის წარმოება

20.1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა. მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
. დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

20.2. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

20.3. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

20.4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. მოსწავლე მზრუნველთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს.

20.5. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას.

20.6. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

20.7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

20.8. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

20.9. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

20.10. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

20.11. მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური სახდელის არმქონედ.

მუხლი 21მოსწავლის  პირადი  გასინჯვა

21.1. პირადი გასინჯვამოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება.

21.2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ, საამისოდ უფლებამოსილ პირს, სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

21.3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.

21.4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

21.5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

მუხლი 22. მოსწავლის მიერ გაცდენა - დაგვიანება

22.1. მოსწავლის მიერ დაგვიანება და გაკვეთილის გაცდენa აღინიშნება ელექტრონულ ჟურნალში.

22.2. რეაგირება დაგვიანების შემთხვევაში:

ა. მზრუნველი კვირის ბოლოს აჯამებს მასწავლებელთა მიერ ჟურნალში შეტანილ დაგვიანებებს. სისტემატური დაგვიანების შემთხვევაში უკავშირდება მშობელს და აცნობებს აღნიშნულ მდგომარეობას;
ბ. აღნიშნული ღონისძიების გატარების შემდგომ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, სკოლა მიმართავს სხვა დამატებით დისციპლინურ ზომებს შემდგომი თანმიმდევრობით:- საყვედურის გამოცხადება საჯაროდ (დაფაზე გამოკვრა), დისციპლინური კომიტეტის ღია სხდომis დანიშვნა მშობელის თანდასწრებით.

22.3. წინამდებარე შინაგანაწესი ითვალისწინებს გაცდენის ორ ფორმას - საპატიოსა და არასაპატიოს:

ა. საპატიო გაცდენა - მოსწავლის ავად გახდომის ან ოჯახური პირობების გამო სკოლაში არ გამოცხადებაა. მშობელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მზრუნველს. თუ ავადმყოფობა გახანგრძლივდა მშობელი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან. მშობელის მხრიდან არაიმფორმირების შემთხვევაში მზრუნველი უნდა დაუკავშირდეს ოჯახს და გაარკვიოს გაცდენის მიზებები.
ბ.
არასაპატიოა გაცდენა ყველა სხვა შემთხვევაში. არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ეკისრება სხვადასხვა დისციპლინური სასჯელები (გაფთხილება, საყვედური, მშობლის ინფორმირება)
გ. სკოლაში იზღუდება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია სკოლის დირექტორის/მოადგილის გადაწყვეტილებით, რომელიც ეფუძნება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თხოვნას და/ან სკოლის ექიმის რეკომენდაციას გაშვების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

მუხლი 23. მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) და სკოლის ვალდებულებები

23.1. სკოლაში მიღებისას, სკოლასა და მოსწავლის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შორის იდება წერილობითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სკოლა ვალდებულებას იღებს:

ა. საგანგანათლებლო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელოს სასწავლო დისციპლინების სწავლება თანამედროვე ხერხებითა და მეთოდების გამოყენებით;
ბ. წესრიგში იქონიოს სკოლის შენობა და სასკოლო ოთახები. დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შექმნას პირობები მოსწავლის ჯანმთელობის დაცვისათვის;
გ. მოსწავლეები უზრუნველყოს ერთჯერადი კვებით;

23.2. ამავე ხელშეკრულებით მშობელი( კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია;

ა. მოამზადოს შვილი სკოლაში შესასვლელად- დროულად შეუძინოს სასკოლო ფორმა, სასწავლო ნივთები და სკოლის მიერ რეკომენდირებული სახელმძღვანელოები;
ბ. არ გააცდენინოს გაკვეთილები, სხვა მეცადინოებები და სასკოლო ღონისძიებები არასაპატიო მიზეზით.
გ. დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;
დ. დროულად გადაიხადოს სწავლის ღირებულება, რომლის ოდენობა განსაღვრულია სკოლასა და მშობელს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. გადაუხდელობისა ან დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში აიღოს პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე (საჯარიმო სანქციები, ბავშვის დათხოვნა სკოლიდან).

მუხლი 24. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) საჩივრის განხილვის წესი

24.1. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.

24.2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

24.3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, რისთვისაც შეუძლიათ მიმართონ ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

მუხლი 25შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა

25.1. შინაგანაწესი მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით და იგი ვალდებულია მიღებისთანავე გააცნოს სასკოლო საზოგადოებას.

25.2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.

25.3. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

25.4. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.

25.5. შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები განსახილველად წარედგინება სკოლის პედაგოგიურ საბჭოს და მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.

          

 

                 ოფისის მენეჯერი                                               /ქ. მშვიდობაძე/

       პედაგოგთა საბჭოს მდივანი                                          /მ. ფუტკარაძე/

 

logo-cu

ssilka1

ssilka2

ssilka3

ssilka4


თებერვალი 2023
5
კვირა
02:20